- ბევრმა პრეზიდენტმა განახორციელა პროექტი «მემკვიდრე». ნუთუ შევარდნაძე ვერ მიხვდა, რომ 2001-2002 წლიდანვე უნდა ეზრუნა «მემკვიდრის» შერჩევისთვის. ისევე, როგორც ეს გააკეთა, მაგალითად, ელცინმა? განა ძნელი იქნებოდა მისთვის, შეერჩია რომელიმე ძლიერი დაჯგუფება. ვთქვათ ის, რომელიც მისი «ბავშვობის მეგობრის ქალიშვილის» ირგვლივ ჩამოყალიბდა 2002 წლიდან და მისგან მიეღო 2005 წლის შემდეგ ხელშეუხებლობის გარანტიები?
            «საწყალი შევარდნაძე». თურმე ამ შესაძლებლობას მისი დღევანდელი (და მაშინდელი) ბრძენი კრიტიკოსები ხედავდნენ და ის კი ვერ ამჩნევდა. სინამდვილეში საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ ედუარდ შევარდნაძეს არ აკმაყოფილებდა ის, რითაც დაკმაყოფილდა ელცინი გადადგომის შემდეგ – ხელშეუხებლობის გარანტიით მისთვის და მისი ოჯახის წევრებისათვის. მას ბევრად მეტი სურდა: ფაქტობრივი ძალაუფლების შენარჩუნება 2005 წლის შემდეგაც! რა ფორმით – ეს უკვე მოლაპარაკებების საგანი იყო. ყოველ შემთხვევაში, მას სურდა ყოფილიყო. თუმცა, ამის თაობაზე ქვემოთ.
        - «ბოლოს და ბოლოს, შეექმნა ეს «მინისტრთა კაბინეტი» ჯერ კიდევ 2000 წელს, როცა მომავალი «ახლები», მომავალი «ნაციონალები» და «ბურჯანაძე-დემოკრატები» ჯერ კიდევ ერთ გუნდში იყვნენ. თავად კი, როგორც პრეზიდენტს, «ზემოდან» ემართა პროცესები».
        კი ბატონო, ასეც შეიძლებოდა, მაგრამ ედუარდ შევარდნაძე თავისი პრეზიდენტობის თუ «ცკ»-ს მდივნობის ყველა პერიოდში არც ერთი წუთით, არც ერთი წამით არ უშვებდა თუნდაც იოტისოდენ შესაძლებლობას იმისას, რომ რეალური ძალაუფლება ვინმესთვის გაეყო. ნებისმიერ კომპრომისზე ყოველთვის მზად იყო, - ამის გარდა. მინისტრთა კაბინეტის შექმნა კი, ასე თუ ისე, იმ არეალის გაფართოებას გამოიწვევდა, რომელშიც სხვა, მის გარეშე, მიიღებდა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას. ამას შევარდნაძე ისევ და ისევ საშიში პრეცედენტის შექმნად და «დასასრულის დასაწყისად» აღიქვამდა.
        არ გაიკვირვოთ და ჯერ კიდევ 2000 წელს, როდესაც 9 აპრილის საპრეზიდენტო არჩევნები ახალი მოგებული ჰქონდა, შევარდნაძე (უკვე მაშინ!!!) 2005-2010 წლების პერსპექტივაზე ფიქრობდა.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        - რისი იმედი ჰქონდა, ნუთუ ვერ გათვალა, რომ იმ ვითარებაში, ვერანაირი ხერხით ძალაუფლებას უკვე ვეღარ შეინარჩუნებდა?
        აი, ეს კი, მართლაც ძალიან საინტერესო კითხვაა.
        ამ კითხვის ავტორები ზემოთხსენებული ილუზიის ტყვეობაში იმყოფებიან, როდესაც აწმყოში პოლიტიკური რეალობა ერთადერთ შესაძლოდ და ლოგიკურად აღიქმება.
        მაშ რისი იმედი ჰქონდა? მას ხომ «მხარს არავინ უჭერდა»: სხვა ბიუროკრატიაზე აღარაფერს ვამბობთ, - სამხედრო გენერალიტეტიც კი მზად იყო, ჩასაძირად განწირული გემიდან გაქცეულიყო.
        მაგრამ აქვე, რატომღაც ყველას ავიწყდება აჭარიდან – თბილისში გამოსაგზავნად გამზადებული ის ხუთი ათასი კბილებამდე შეიარაღებული «სპეცნაზელი», რომლის ნაწილი უკვე იმყოფებოდა თბილისში, კერძოდ «პიონერთა სასახლეში» და ასლან აბაშიძე (ოღონდ კი მისი ფანატიკურად მოძულე ბერძენიშვილების ხელისუფლებაში მოსვლა არ დაეშვა) მზად იყო, დანარჩენებიც გამოეგზავნა შევარდნაძის დასახმარებლად – თუნდაც საქმე ორმხრივ სროლამდე და სისხლისღვრამდე მისულიყო!
        მაშასადამე, ამა თუ იმ ფორმით 2005 წლის შემდეგ რეალური ძალაუფლების შესანარჩუნებლად შევარდნაძეს რჩებოდა ერთადერთი შანსი: შეექმნა ვითარება, როდესაც «გასროლა» გარდაუვალი გახდებოდა.
        ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ, მაგალითად, ოპოზიციის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ან კანცელარიაში შეჭრისას, თუ ასლან აბაშიძის «გვარდიელები» იქვე სროლას ატეხდნენ (მათი ნაწილი, შეგახსენებთ, უშუალოდ სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა და იარაღს ტანსაცმლის ქვეშ მალავდა) პოლიტიკით მთლიანობაში დაღლილ-დაქანცული, ნიჰილიზმით აღსავსე ქართული საზოგადოება მაშინ ერთმნიშვნელოვნად მხოლოდ შევარდნაძეს გაამტყუნებდა!
        ეს არის დღევანდელი გადასახადიდან წარმოჩენილი ილუზია. სინამდვილეში, შევარდნაძემ აბსოლუტურად ზუსტად განსაზღვრა, რომ თუ მაშინ ან პარლამენტში, ან კანცელარიაში სისხლი დაიღვრებოდა, საზოგადოების უმრავლესობის დამოკიდებულება სულაც არ იქნებოდა ისეთი ერთმნიშვნელოვანი, როგორც ზოგიერთს ეგონა და ჰგონია. ძალიან, ძალიან ბევრი ოპოზიციას გაამტყუნებდა: «აი, ხომ გეუბნებოდით, ეს ყველაფერი სისხლისღვრამდე მივაო, ხომ გეუბნებოდით . . . ხომ გეუბნებოდით!!!» და ასე შემდეგ.
        რა თქმა უნდა, დიდი რისკი იყო. მაგრამ ის წავიდა ამ რისკზე, რაკი მხოლოდ ეს რისკი ქმნიდა ძალაუფლების შენარჩუნების შანსს. სხვაგვარად თამაში საბოლოოდ წაგებული იყო.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - -
        შევარდნაძეს ყველაფერი შეიძლება დააბრალო. აბსოლუტურად ყველაფერი, ყველანაირი ცოდვა ამქვეყნად, გარდა ერთისა – მხდალი და მშიშარა იგი არასდროს ყოფილა! აკი სულ ბოლომდე გაიძახოდა «გვერდები არ აგიდგათო».
        ერთადერთი, რისიც ეშინოდა ბევრად მეტად, ვიდრე სიკვდილის და ფიზიკური საფრთხისა, - ეს იყო ძალაუფლების დაკარგვა. ანუ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძეს შეგნებულად, მიზანმიმართულად მიჰყავდა ქვეყანა ისეთ სიტუაციამდე, როდესაც ვინმეს შეიძლებოდა «გაესროლა». ამის შემდეგ კი ძალა-მორევაზე იქნებოდა და, ასლან აბაშიძის ფაქტორის გათვალისწინებით, შევარდნაძეს ექნებოდა შანსი(!) ან დაღუპულიყო დაპირისპირებისას, ან ძალაუფლება 2005 წლის შემდეგაც შეენარჩუნებინა თუნდაც იმ ფორმით, როგორც მან ჯერ კიდევ 2003 წლის გაზაფხულზე დაგეგმა: შეიქმნებოდა «საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომიტეტი», ამ კომიტეტს სათავეში ჩაუდგებოდა შევარდნაძე, ხოლო ახალი პრეზიდენტი, ვინც არ უნდა ყოფილიყო (ნინო ბურჯანაძე თუ ვაჟა ლორთქიფანიძე), ყველა გადაწყვეტილებას მიიღებდა მხოლოდ «კომიტეტთან» შეთანხმებით.
        ეს გეგმა ედუარდ შევარდნაძემ ჯერ კიდევ 2003 წლის გაზაფხულზე (თუ არ ვცდებით, დაახლოებით იმ წლის მარტის ბოლოს – ავტ.) გააცნო, პირველ რიგში, თავის «ბავშვობის მეგობარ» ანზორ ბურჯანაძეს და შესთავაზა ნინო ბურჯანაძის დარწმუნება ფორმალურ პრეზიდენტად ქცეულიყო 2005 წელს. მაგრამ ბურჯანაძემ უარი უთხრა. თანაც არა მხოლოდ იმიტომ, რომ თავისთავადი პოლიტიკური პრეტენზია ჰქონდა - სრულფასოვანი პრეზიდენტობისა, არამედ ჭკვიანი მოკავშირეების (უპირველესად ზურაბ ჟვანიას) რჩევით, რომლებიც შევარდნაძის გეგმას («კომიტეტი» და ა.შ) არარეალურად და უპერსპექტივოდ მიიჩნევდნენ.
        ედუარდ შევარდნაძემ მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა ე.წ. საარჩევნო ბლოკ «ახალი საქართველოს» შექმნა და მასში თავისი საპარლამენტო თუ სამთავრობო ნომენკლატურის გაერთიანება, რაც ზემოთხსენებულ წინადადებაზე ბურჯანაძეებისაგან უარი მიიღო!
        2003 წლის 22 ნოემბერს, «ახალი» პარლამენტის პირველ სხდომაზე, ზემოთხსენებული საპარლამენტო ნომენკლატურა თამჯდომარედ უკვე ვაჟა ლორთქიფანიძის არჩევას აპირებდა, მაგრამ ვერ მოასწრო. არადა, სარიშვილმა და რჩეულიშვილმა, მხოლოდ იმ დილით, ძლივს-ძლივობით, მაგრამ მაინც შეათანხმეს ეს კანდიდატურა ბათუმში - ასლან აბაშიძესთან. ეს გახლავთ პასუხი კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო პარლამენტის სხდომა საღამოს ოთხ საათზე და არა დილითვე.
        მაშასადამე, 2003 წლის 22 ნოემბრამდე ედუარდ შევარდნაძე ზუსტად, მიზანმიმართულად და უშეცდომოდ მოქმედებდა. ანუ, გამიზნულად მიჰყავდა საქმე სისხლისღვრამდე, რაც უდიდესი რისკი, თუმცა, მისთვის იმ ვითარებაში ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთი შანსი(!) იყო.
        მადლობა ღმერთს, საბედნიეროდ, გადამწყვეტ მომენტში, სხდომათა დარბაზში, თვით ასლან აბაშიძის «სპეცნაზელთა» შორის, არ აღმოჩნდა მსროლელი(!), რომელიც ათეულობით ტელეკამერის წინ ჩახმახზე თითის გამოკვრას გაბედავდა. ამაში უდიდესი როლი სწორედ მედიამ, პირველ რიგში, ტელევიზიებმა შეასრულეს.
        მართლაც, ძალიან ძნელია «ისროლო», როცა იცი, რომ ეს ტელევიზიით დაფიქსირდება. თუ დამარცხდები, როგორი ნიღბითაც არ უნდა დაიფარო სახე, სულ ერთია, ადრე თუ გვიან, მაინც გაიგებენ, რომ პირველმა სწორედ შენ ისროლე და «მიწიდან ამოგიღებენ».
        არადა, იმ მეომარს, ვინც ასლან აბაშიძემ გამოაგზავნა თბილისში და საჭიროების შემთხვევაში «სროლაც» დაავალა, სულაც არ სურდა ასეთ რისკზე წასვლა, ვინაიდან შევარდნაძისაგან განსხვავებით, ბევრი რამ ჰქონდა დასაკარგი – ბოლოს და ბოლოს ოჯახი, შვილები და ასე შემდეგ. ანუ ის, რაც შევარდნაძეს, სინამდვილეში, ჩირის ფასადაც არ უღირდა – ძალაუფლებასთან შედარებით.
        აი, ასე წააგო შევარდნაძემ იმით, რომ «მსროლელი» არ აღმოჩნდა მის გვერდით გადამწყვეტ მომენტში, გადამწყვეტ წამს, როცა თუნდაც «ერთი გასროლა» და სისხლისღვრის პროვოცირება ყველაფერს შეცვლიდა, ვითარებას სისხლიან სასწორზე შეაგდებდა და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლის ასპარეზს გაშლიდა.
        ბრძოლისა კი შევარდნაძეს არასდროს ეშინოდა – სასიცოცხლო საფრთხეც ყოფილიყო, ოღონდ ხელისუფლებაში დარჩენის შანსი (თუნდაც შანსი!!!) შეენარჩუნებინა.
        «სისხლი არ დაღვარაო». სინამდვილეში, მან ყველაფერი გააკეთა, რათა სისხლი დაღვრილიყო – საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ჩათვლით. ყველა ბრძანება გასცა და თუ მის გვერდით «მსროლელი» არავინ აღმოჩნდა, - ბოლოს და ბოლოს თავად ხომ არ დაიწყებდა ავტომატიდან სროლას?
        ასევე და ამიტომ «არ დაღვარა სისხლი» ასლან აბაშიძემაც 2004 წლის მაისში. მას კი უნდოდა, მაგრამ «მსროლელი» არც მის გვერდით აღმოჩნდა ვინმე.
        ჰაერში მსროლელი არ ითვლება.
        - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
        აღმაშფოთებელია არა? მაგრამ მოდით «ნუ განვიკითხავთ» პოლიტიკოსს, რომლისთვისაც ძალაუფლების პყრობა პიროვნული იდენტობის საფუძველი და ერთადერთი ღირებულება იყო.
        ბოლო წლებში ტოლკიენისეულ გორლუმს დაემსგავსა და მაინც წაგლიჯეს «უძვირფასესი» ბებრულად აძაგძაგებული ხელებიდან.
        ძალაუფლების დათმობა შევარდნაძისთვის სიცოცხლის დასრულებას ნიშნავდა. ძალაუფლების შენარჩუნებისთვის შევარდნაძე ისეთივე ირაციონალური ფანატიზმით იბრძოდა, როგორც სიკვდილმისჯილი იბრძვის სიცოცხლისათვის - უკანასკნელ წამს.
        ეს უნდა მივიღოთ, როგორც რეალობა, როგორც სტიქიური უბედურება, რაკი, ისტორიულ ჟამთასვლით, დიდი ხნის განმავლობაში გვყავდა უბადლო ოსტატობით დაჯილდოვებული პოლიტიკოსი, რომელმაც ქვეყანა 1991-1994 წლების სიხლიანი ანარქიის ჭაობიდან ამოათრია და ბოლოს, დროის მოტყუებაც განიზრახა! ანუ, თავისი ბრწყინვალე პოლიტიკური კარიერის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად მოინდომა შეუძლებელი.

     

«ალია» 5 აგვისტო 2006წ

 

მთელ ეკრანზე